ოლაფ შოლცი - ზუსტად უნდა გავიგოთ, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ბოროტმოქმედის ქმედებების და მოტივების შესახებ, რათა სათანადო სისხლის სამართლებრივი ზომებით ვუპასუხოთ
ოლაფ შოლცი - ზუსტად უნდა გავიგოთ, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ბოროტმოქმედის ქმედებების და მოტივების შესახებ, რათა სათანადო სისხლის სამართლებრივი ზომებით ვუპასუხოთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას ჩავიდა.

ოლაფ შოლცმა მაგდებურგის მცხოვრებლებს მთელი გერმანიის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„არ არსებობს საშობაო ბაზრობაზე უფრო მშვიდობიანი და სიხარულით სავსე ადგილი. ადამიანები შობამდე რამდენიმე დღით ადრე იკრიბებიან, რათა ერთად იყვნენ, ცოტა დაისვენონ, გლინტვაინი დალიონ, ძეხვი მიირთვან. რა საშინელი დანაშაულია, ასეთი სისასტიკით დაჭრა და მოკლა იქ ამდენი ადამიანი!“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, საგანგებო სამსახურების თანამშრომლების სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებების წყალობით „ყველაზე საშინელი თავიდან აცილება მოხერხდა“.

„ახლა ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ ბოროტმოქმედის, მისი ქმედებების და მოტივების შესახებ, რათა სათანადო სისხლის სამართლებრივი ზომებით ვუპასუხოთ ამას“, – თქვა შოლცმა.

მისივე თქმით, მაგდებურგში თავდასხმა 2016 წლის 19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტიდან თითქმის, ერთი წლის შემდეგ მოხდა.

„ჩვენ, როგორც ქვეყანა, ერთად უნდა დავრჩეთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ სიძულვილმა განსაზღვროს. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც საერთო მომავლისკენ ისწრაფვის. არ შეიძლება გზა მივცეთ მათ, ვინც სიძულვილის დათესვას ცდილობს. მაგრამ არც დამნაშავეები უნდა დავტოვოთ დაუსჯელად. უნდა ვიმოქმედოთ კანონის სრული სიმკაცრით, რათა დავიცვათ ჩვენი ერთიანობა და საერთო მომავალი“, – განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგში გერმანიის იუსტიციის მინისტრი ფოლკერ ვისინგი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩავიდნენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გლოვის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება, ხოლო მაგდებურგის ცენტრში მდებარე საშობაო ბაზრობა აღარ გაიხსნება.