ოლაფ შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეჩერდეს სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
ოლაფ შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეჩერდეს სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გრანადაში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებასა და უკრაინის დახმარების საკითხებზე.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეჩერდეს სამხედრო ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. კარგი იქნებოდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედროდნენ აქ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტსა და ჩემთან უკვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ აქ ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოლაპარაკებები შედგება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ზამთრის თვეებისთვის უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდება.

„ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად საჭიროა, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა ამ მაღალეფექტური სისტემით. რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ზამთარში კვლავ შეეცდება, დაემუქროს უკრაინის ინფრასტრუქტურას და ქალაქებს სარაკეტო თავდასხმებით“, – განაცხადა შოლცმა.