ოლაფ შოლცი - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს
ჩვენი საერთო მკაფიო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი არის შემდეგი: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს, რაც შეიძლება მალე, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე არ შექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა იყოს უსაფრთხო დერეფნები მოქალაქეებისთვის, რათა მათი სარისკო ზონებიდან გაყვანა ზიანის გარეშე მოხდეს. ეს ასევე უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, ასევე უნდა გვახსოვდეს: ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. შესაბამისად, ჩვენი საერთო მკაფიო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი არის შემდეგი: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეკონომიკური შედეგები ძალიან ფართოა და იგრძნობა ყველგან რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„რუსეთის განვითარების ეკონომიკურ შესაძლებლობებს პირდაპირი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ უმთავრესს – ცეცხლის შეწყვეტას და ომის დასრულებას, ასევე შეთანხმების მიღწევას, რომლის შემუშავება და ხელმოწერა უკრაინის პერსპექტივიდან შესაძლებელია“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.