ოლაფ შოლცი - უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღდგენის ძალისხმევას მარშალის გეგმას ადარებს და აცხადებს, რომ ეს იქნება კაცობრიობის ამოცანა. ამის შესახებ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.
„დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება უნდა გაუწიოს. ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად გერმანიაა, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
„ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს. ეს ვლინდება სხვადასხვა ასპექტში, პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – განაცხადა შოლცმა.
როგორც „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, „დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის.