ოლაფ შოლცი - რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს
ოლაფ შოლცი - რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს

რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების დასრულება გამოეცხადებინა და ამის შემდეგ დასავლური ქვეყნები სანქციებს მოხსნიდნენ.

„მან არ გათვალა მთელი უკრაინის ოპერაცია ბოლომდე. ის არ ფიქრობდა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გასწევდა. ის არ ფიქრობდა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით, რომ დამდგარიყვნენ ასე დიდხანს. ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, ვიდრე ის უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, – განაცხადა შოლცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არ მიიღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. „ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

შოლცის თქმით, მას არ აქვს კიევში ვიზიტის გეგმები.