ოლაფ შოლცი - ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ბირთვი უნდა იყოს, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და ჰყავდეს ძლიერი არმია
ოლაფ შოლცი - ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ბირთვი უნდა იყოს, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და ჰყავდეს ძლიერი არმია

საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შოლცის თქმით, სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ სურთ უკრაინის მხარდაჭერა.

ამასთან, ოლაფ შოლცის განცხადებით, ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ბირთვი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და ჰყავდეს ძლიერი არმია.

„მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, სურთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს არის ქვეყანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა, რომელიც არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. ეს არის სიმართლე, რომელიც ყველასთვის ძალიან ნათელია. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და მზად ვართ, შესაბამისად მოვიქცეთ. ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ყველამ იცის, რომ დღეს უდიდესი მხარდამჭერები არიან აშშ და გერმანია. მხოლოდ გერმანიამ 44 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. ამიტომ საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რომ დაბომბვა შეწყვეტილიყო. ეს იქნებოდა საწყისი წერტილი მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია მომავლისთვის. პირველ რიგში, რომ უკრაინამ შეძლოს, ამ სიტუაციაში მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს თავის ომს და ჯერ არ შეუწყვეტია. ამ მხრივ შეფერხება არ უნდა მოხდეს; მეორე, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ბირთვი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და ჰყავდეს ძლიერი არმია. დღეს ეს არმია უზარმაზარია, ასევე, ბევრი მეგობრის დახმარებით, და მშვიდობის დროსაც დიდი უნდა დარჩეს. ეს კიდევ ერთი ამოცანაა უკრაინის ევროპელი მეგობრებისთვის, მაგრამ, ასევე, მისი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორებისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახადონ მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში. უსაფრთხოების ყველა სტრუქტურა ამის გარშემო უნდა ტრიალებდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთს ყოველთვის სურდა უკრაინაში ისეთი მთავრობა, რომელიც კრემლის დაკრულზე იცეკვებდა. ეს არ შეიძლება იყოს მიღებული“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.