ოლაფ შოლცი - ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ გზაზე, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის სრული შეწყვეტა
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„იგივე ეხება ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებას. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის სრული შეწყვეტა და რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ცხადია და ამაშიც ორივე ვეთანხმებით, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული უკრაინის გარეშე“, – განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე.
„სწორედ ამიტომ გვსურს, სწრაფად და თანმიმდევრულად გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს თავდაცვისთვის. ეს დარჩება ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ეროვნულ და ევროპულ დონეზე მომდევნო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა შოლცმა.