ოლაფ შოლცი და ანჯეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდებიან
ოლაფ შოლცი და ანჯეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდებიან

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდებიან. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მისწრაფებაზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიებზე ივლისში ნატო-ს სამიტის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართო გაგება, რომ უკრაინა ვერ შეძლებს მიმდინარე ომის დროს ნატო-ში გაწევრიანებას, ალიანსის წევრების აზრი ორად არის გაყოფილი, როგორ უნდა უპასუხონ უკრაინის მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებიაზე.

„ჩვენ თუ არ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, რისკი არის, რომ სამიტის ბოლოს ჩვენ ვერ მივაღწევთ ერთობლივ განცხადებას და ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი რუსეთისთვის“, – „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტრვიუში განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

გასულ კვირას მაკრონმა ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ალიანსს, უკრაინას მიეცეს „მტკიცე, კონკრეტული და ხელშესახები“ უსაფრთხოების გარანტიები. საფრანგეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ უკრაინას უნდა შესთავაზონ „გზა ნატო-ს წევრობისკენ“. შოლცის განცხადებით, აქცენტი წევრობაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ იმაზე, „როგორ შეგვიძლია ჩვენ, ინდივიდუალურად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“.

სამშაბათს ანჯეი დუდა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წევრი ქვეყნების რამდენიმე ლიდერს შეხვდა, სადაც განიხილეს უკრაინის ომი და მისი მოთხოვნა ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

მედიის ცნობით, ასევე მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ლიდერები განიხილავენ სხვა საკითხებს, როგორებიცაა ევროპის სუვერენიტეტი და თავდაცვა.