ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ევროპისთვის მის შედეგებს „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს
ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ევროპისთვის მის შედეგებს „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ევროპისთვის მის შედეგებს „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბუნდესტაგმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს დადგენილება უკრაინაში ომის და გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მისი სერიოზული შედეგების საგანგებო სიტუაციად კლასიფიცირების შესახებ კონსტიტუციის 115 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით. ეს მოგვცემს იმას, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, აღარ განხორციელდება სხვა ამოცანების ხარჯზე, რომლებიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, ოლაფ შოლცს არ დაუზუსტებია, რა რაოდენობის თანხები განიხილება და რა წყაროებიდან მოხდება დაფინანსება. მან თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საქმე ეხება მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბოლო 24 საათის მოვლენების და აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე პასუხის გადავადება აღარ შეიძლება.

„დღეს ჩვენ კვლავ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. დღეს ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას, რას ნიშნავს აშშ-ის ადმინისტრაციის ქმედებები და განცხადებები უკრაინისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, ის ეთანხმება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ პუტინს გადავცეთ ჩვენი მოლოდინები უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან და ევროპულ მშვიდობიან წესრიგთან დაბრუნებასთან დაკავშირებით. წესრიგთან, სადაც საზღვრები არ იცვლება ძალის გამოყენებით. მე ასევე ვეთანხმები ამერიკის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე. სიკვდილი და სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიცით, რომ არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ამავე დროს, აბსოლუტურად ცხადია, რუსეთის გამარჯვება ან უკრაინის დაცემა არ შექმნის მშვიდობას. პირიქით, ეს ძირს გამოუთხრის მშვიდობას და სტაბილურობას ევროპაში, უკრაინის ფარგლებს გარეთაც“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ევროპის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია.

„არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინელების გარეშე და არაფერი ევროპის შესახებ ევროპელების გარეშე. ეს სიმართლეა. ჩვენ ვთანხმდებით ამაზე ყველა ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან ევროპაში. მშვიდობა უნდა გაგრძელდეს დიდხანს, მან უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი. სწორედ ამიტომ ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ნაკარნახევ მშვიდობას. ამისგან სარგებელს მხოლოდ ერთი ადამიანი მიიღებს, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა შოლცმა.