ოლაფ შოლცი ბერლინში ჩინეთის გაფართოებულ დელეგაციას მასპინძლობს
ოლაფ შოლცი ბერლინში ჩინეთის გაფართოებულ დელეგაციას მასპინძლობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში ჩინეთის გაფართოებულ დელეგაციას მასპინძლობს. ქვეყანას ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი მინისტრთა კაბინეტთან ერთად ეწვია. საერთო ჯამში, ორივე ქვეყნის მხრიდან შეხვედრას 20-მდე მინისტრი ესწრება.

სამთავრობოთაშორისი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხები კი კლიმატურ გამოწვევებთან ბრძოლა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინაში ომი იქნება.

როგორც მედია წერს, ბერლინი ცდილობს, შეამციროს გერმანიის ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია განახორციელოს. ეს 2018 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.