ოლაფ შოლცი - არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში გარედან ჩარევა, ეს იქნება სერიოზული, მიუტევებელი შეცდომა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისრაელში ვიზიტისას ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ესაუბრა და დასძინა, რომ ის ამ საკითხს ეგვიპტის პრეზიდენტთან საუბრისასაც განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი, ჩვენი ქმედებები ეფუძნება კანონის უზენაესობას. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს გზებზე, რათა ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს“, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს.
„მე პირდაპირ ვაცხადებ, არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ამ კონფლიქტში გარედან ჩარევა. ეს იქნება სერიოზული, მიუტევებელი შეცდომა“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.