ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადაეცათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადაეცათ

„კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და თბილისში მცხოვრები სტუდენტები ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჩაჩავამ მოინახულეს. ისინი გაეცნენ მათ საჭიროებებს ადგილზე და საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებების მარაგი გადასცეს. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ.

პირველადი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი ასევე დაურიგდებათ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.