ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებს, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული სახელობითი სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

2020 წლის სტიპენდიანტები გახდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა მესხია (ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი, გურანდა მაჭარაშვილი (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან).

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებში აამაღლოს უმაღლესი განათლების მიღებისა და სწავლის მოტივაცია, რომ ისინი მეტი განათლებითა და წარმატებებით დაუპირისპირდნენ ოკუპაციის წნეხს“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.