ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ავსტრიაში, სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ავსტრიაში, სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრეს

ავსტრიაში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ორგანიზებულ სემინარზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორგანიზატორების განცხადებით, საკვლევი ჯგუფის, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობის“ რიგით მე-20 სემინარზე დიმიტრი მედოევის მონაწილეობა „უსაფრთხოების საკითხების“ გამო შეუძლებელია.

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო ძალისხმევას იჩენს საერთაშორისო ასპარეზზე სამხრეთ ოსეთის მოსაზრებების დასაბლოკად. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინციდენტი საერთაშორისო საკვლევი ჯგუფის ავტორიტეტის დისკრედიტაციას ახდენს.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობის“ რიგით მე-20 სემინარი 7 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. სემინარის თემაა, „კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად“. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოხსნების თემა, „სამხრეთ ოსეთი – ისტორია და თანამედროვე რეალობა“ უნდა ყოფილიყო.

დატოვე კომენტარი