ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზო სკოლა დახურეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზო სკოლა დახურეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საოკუპაციო რეჟიმმა საბაზო სკოლა დახურა. ე.წ. ოფიციალური ბრძანება სკოლის დირექტორს ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი თაგილონში მოქმედ საშუალო სკოლასა და ნაბაკევში უკვე გადაანაწილეს – ინფორმაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია ადასტურებს. თუმცა, მისი განმარტებით, სკოლის დირექტორს ამ დრომდე ე.წ. ბრძანება სკოლის დახურვის შესახებ ოფიციალურად არ ჩაბარებია.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონის საბაზო სკოლაში (9 კლასი), სექტემბრის მდგომარეობით, 23 ბავშვი სწავლობდა და 12 პედაგოგი მუშაობდა.

ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგად, 15 მოსწავლე ჩაირიცხა თაგილონის საშუალო სკოლაში 8 მოსწავლე სოფ. ნაბაკევის მე-13 სკოლაში. სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს მასწავლებლებიც. თუმცა, 5 მათგანის სხვა სასწავლებელში გადაყვანის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ისინი საპენსიო ასაკის არიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტამდე გალის რაიონში 58 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა და დროთა განმავლობაში, 31-მდე შემცირდა.

„სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება. საკითხი IPRM-ის შეხვედრაზეც დავაყენეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს ეს პროცესი“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.