ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს.

2017 წლის ოქტომბრის თვეში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.

ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა. ამჟამად ნეშტები გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ფუნქციონირებს სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.