ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი ხვალ გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი ხვალ გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ხვალინდელი სასამართლო პროცესი შესაძლოა, ბოლო იყოს.

„სახაზინო ადვოკატს ველაპარაკე. პროცესი ხვალ, ჩვენი დროით 12:00 საათზე გაგრძელდება. სუს-მა ეს ინფორმაცია წინა პროცესის გადადების შემდეგ მოგვაწოდა. როგორც გვითხრეს, შესაძლოა, ეს იყოს ბოლო პროცესი. რაც ვიცი ადვოკატისგან ისაა, რომ არსად იკვეთება, თითქოს ზაზამ გამიზნულად ესროლა. პატიმრობის ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედს არ ვკარგავთ“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.