ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულმა პირებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვეს
ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულმა პირებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვეს

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულმა პირებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

​ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ  ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.