ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს და იმედოვნებს, რომ ვენესუელაში შიდაპოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურად გადაწყდება.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ „აშშ-ი უცერემონიოდ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, რითაც ვენესუელაში ისედაც რთული ვითარების ესკალაციას უწყობს ხელს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ამგვარ დაუფიქრებელ ქმედებებს შესაძლოა, სისხლისღვრა მოჰყვეს.

ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს და მას კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს უწოდებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ ვენესუელის შიდა საქმეებში ჩარევა სულ უფრო საგანგაშო ფორმებს იძენს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ვითარების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისკენ, დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებისა და სისხლისღვრის თავიდან აცილებისკენ“, – ნათქვამია ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ვენესუელამ 2009 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. კარაკასში 23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ის უკვე აღიარა აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ და საქართველომ. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, თურქეთმა, ჩინეთმა, ბოლივიამ, კოლუმბიამ და კუბამ.