ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ჟურნალისტებს - რა შუაშია რუსეთი, თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ჟურნალისტებს - რა შუაშია რუსეთი, თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი არასწორს უწოდებს მიდგომას, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაში უნდა იყოს მხოლოდ ორი მხარე, რუსეთი და საქართველო.

„რაც შეეხება შეთანხმებას, ის, რომ მხარეები მხოლოდ საქართველო და რუსეთი არიან, არასწორი მიდგომაა. მხარე ორი არ არის, მონაწილეობს საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს გარემოებები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ვინაიდან ჩვენ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქმე უნდა ეხებოდეს ჯერ ყველა მხარის მიერ ზეპირი განცხადების მიღების შესაძლებლობას, ეს სწორი იქნება. ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებს არ წარმოადგენენ, თქვენი მოსაზრებაა. შეიძლება ვთქვათ ხალვა, მაგრამ ამის გამო პირში ტკბილი გემო არ გექნება. რა შუაშია რუსეთი? მოდით, გავიხსენოთ რა მოხდა -1992 წელს ომი ვის შორის იყო? თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან“, – განაცხადა დაურ კოვემ.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილზე დასმულ კითხვას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს „ინციდენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს, ტატუნაშვილი აწამეს თუ მოკლეს.

„ვფიქრობ, დღეს ტატუნაშვილის საკითხს განვიხილავთ. მესმის, რომ ქართული მხარე ამ საკითხს დააყენებს. სამხრეთ ოსეთის მხარე გასცემს პასუხს იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს. მოდით დავარქვათ ამას ინციდენტი, რადგან მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ის აწამეს თუ მოკლეს. ფაქტები ჯიუტია. მოდით ვნახოთ, დღეს სამხრეთ ოსეთი წარადგენს საკუთარ ხედვას და გავაკეთოთ დასკვნები“, – აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი დღეს სამუშაო შეხვედრით გრძელდება. ორმა სამუშაო ჯგუფმა, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების თემებზე, პარალელურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ქართული მხარე ყველა ფორმატში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გააკეთებს აქცენტს და მოითხოვს რუსეთისგან, არ შეუშალოს ხელი გამოძიებას.

ჟენევის შეხვედრის მონაწილეები გააგრძელებენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობას.