ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი, სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა).

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ისინი განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“,- აცხადებენ სუს-ში.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო წერს, „საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულები არიან საშიში დამნაშავეები სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი“.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერგნეთის გავლით მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია. ახლა მიმდინარეობს დაკავებული პირების „სამხრეთ ოსეთის“ მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხის განხილვა“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი.

საოკუპაციო რეჟიმის წევრები ასევე ამბობენ, რომ „მანამდე მათ მიმართეს საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს და დამნაშავეების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს“.

ცხინვალში ამტკიცებენ, რომ 16 ივლისს სოფელ ზალდაში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლისას ორი პოლიციელი დაიჭრა.