ოკუპირებულ გალში ე.წ. ადმინისტრაციამ საბავშვო პროექტების კონტროლი დაიწყო
ოკუპირებულ გალში ე.წ. ადმინისტრაციამ საბავშვო პროექტების კონტროლი დაიწყო

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას მითითებით, საბავშვო და ახალგაზრდული პროექტები, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, ე.წ. ადმინისტრაციასთან უნდა შეთანხმდეს – ინფორმაციას ამის შესახებ „აფნი რუ“ ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების დირექტორებთან ამ თემაზე თათბირი ნადარაიამ უკვე ჩაატარა და პროექტების შეთანხმების მიზეზი ოკუპირებული ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ კონცერტზე გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წაყვანა გახდა. მაშინ კონცერტზე ნადარაიას განმარტებით, მეგრული სიმღერა შეასრულეს ბავშვებმა, რასაც სკანდალი მოყვა.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მან ერთი პროექტი უკვე აკრძალა.

„დევნილ ბავშვთა საბჭოს წარმომადგენლებს უარი ვუთხარი ბანაკის გახსნაზე. პროექტი ითვალისწინებდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას – ბავშვის თვალით დანახულ მშვიდობის აღდგენასა და შერიგებაზე. მე ვთვლი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში იდეოლოგიური კომპონენტიც არსებობს, მათი წარმომადგენლები ვალდებულები არიან ასეთი პროექტები ჩვენთან შეათანხმონ. თორემ ისე გამოვა, რომ ხვალ ფილმი ჩვენი გალელი ბავშვების მონაწილეობით სადმე გავა და ჩვენ ინფორმაცია არ გვექნება ამის შესახებ“, – განმარტავს ნადარაია.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით კი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ჩინოვნიკებს ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამართულ იმ შეხვედრებზე გამგზავრება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.