ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.

ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სუს-მა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი დასრულდა დღეს და შემდეგი პროცესი გაიმართება 5 თებერვალს. როგორც გვითხრეს, სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო პროცესი. სახაზინო ადვოკატს საღამოს დავუკავშირდები და, სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია მექნება. რაც ვიცი ადვოკატისგან, წინა პროცესზე ჩემი ქმრისა და რუსი სამხედროების ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს და ის, რომ ზაზამ გამიზნულად ესროლა, არსად იკვეთება. პატიმრობის ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედს არ ვკარგავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხში დაიჭრა. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.