ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 14 ნოემბრამდე ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა

11:45, 04.11.2021

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, 14 ნოემბრამდე ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მონიტორინგი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის ე.წ. კომიტეტს დაევალა.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, ოკუპირებულ ცხინვალში შეზღუდვები შეეხება რესტორნებსა და კაფეებს, რომლებიც მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

3 ნოემბერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში „კოვიდ-19“-ით საერთო ჯამში 8 933 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 6 608 გამოჯანმრთელდა, 150 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი