ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ ყველა პროცედურული წინაპირობა არსებობს და ასევე არის მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდება.

„არის ყველა წინაპირობა პროცედურულად, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება. გვაქვს ეს ინფორმაცია და ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ ყველას, რომ კეთილგონიერება გამოიჩინონ და ექიმი, ამ ჰუმანური პროფესიის ადამიანი, მალე დაუბრუნონ ოჯახს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მთელი მსოფლიო უცხადებს სოლიდარობას და ხელისუფლება მის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმს აქტიურად იყენებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თავადაც უნდა ესმოდეთ ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლებას, მასთან კავშირში მყოფ სასამართლოს, რომ ეს საკითხი გაცდა ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს. ვფიქრობ, გონიერებას გამოიჩენენ, პოლიტიკურად არ შეფუთავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ სწორს.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი