ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნები მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოეწყოს
ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნები მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოეწყოს

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნები მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოეწყოს. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე დროს ცხინვალში ამბობენ, რომ მოსკოვთან და თბილისთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

„საქართველოსა და რუსეთს შორის დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მონაწილეები რუსეთის ფედერაცია და საქართველო არიან. ამ დერეფნებიდან ერთ-ერთის გაყვანა დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე. ამასთან, სამხრეთ ოსეთი არ არის ამ შეთანხმების სუბიექტი და არ აკისრია არანაირი ვალდებულება. სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რუსეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო სატრანსპორტო დერეფნების ამუშავების პერსპექტივა ბუნდოვანია. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ამ პროექტის რეალიზაციაში ჩვენ არ ვაპირებთ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებას და მასში მხოლოდ სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით ჩავერთვებით. რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების რეალიზაცია დამოკიდებულია მოსკოვისა და თბილისის ცხინვალთან მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური საბაჟოს ხელმძღვანელმა 18 მაისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით გაწერილ, საბაჟოს ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს. შესაბამისად, რუსეთმა დაასრულა ამ მექანიზმის პრაქტიკულად ამოქმედების პროცედურები.