ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. დიპლომატიური უწყება რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, სოხუმში დემონსტრაციების ადგილს თავი აარიდონ.

„თვალყურს ვადევნებთ სოხუმში ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. დედაქალაქში, ქალაქის ცენტრის გამოკლებით ვითარება სტაბილურია. სოხუმში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დემონსტრაციის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოვუწოდებთ“, –  აღნიშნულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება რამდენიმე საათის წინ დაიძაბა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ, რაც მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი  – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ „უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.