ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განაცხადა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ივლისიდან შემოდგომაზე გადადებაზე უარი თქვა.

აქცია სოხუმში დღეს დილით დაიწყო. დემონსტრანტები ე.წ. არჩევნების გადადებას ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს. სოხუმში ე.წ. პარლამენტთან რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განაცხადა. მარიონეტული რეჟიმის მოწინააღმდეგე ე.წ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მიუნხენის ლაბორატორიამ ბჟანიას ორგანიზმში ვერცხლისწყლის მომატებული მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინა.

18 აპრილს, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, 19 აპრილს კი მოსკოვში გადაიყვანეს.

დღესვე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს არის დაგეგმილი.