ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 446 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 108 ადამიანს.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში ამ დროისთვის მკურნალობს 236 კოვიდდადასტურებული პაციენტი. 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, მობილურ ჰოსპიტალში კი ერთი პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, 91-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 4845 ადამიანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 6619 შემთხვევაა დაფიქსირებული.