ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა მავთულხლართებთან, ხიდიდან დაიტირეს [ფოტო/ვიდეო]

ოკუპირებულ სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი ნათესავებმა სოფელ ორსანტიიდან დაიტირეს.

ფოტო და ვიდეომასალას რადიო „ათინათი“ ავრცელებს.

ორი სოფელი ერთმანეთს ესაზღვრება. ხიდი კი, რომლის საშუალებით მოსახლეობას გადაადგილება შეეძლო, საოკუპაციო რეჟიმმა 2017 წელს ჩაკეტა.

გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხეს. ამიტომ ჭირისუფალმა მიცვალებული ხიდს მიღმა, მავთულხლართებთან მოასვენა, ხიდის მეორე მხარეს მყოფმა ნათესავებმა კი შორიდან დაიტირეს.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მედიასაშუალებას განუცხადეს, ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი ფაქტი არ არის. მავთულხლართებით გაყოფილი მოსახლეობა ხშირად ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს და მიცვალებულებს შორიდან, ხიდთან გლოვობენ.