ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ერთი მათგანი გაწერეს, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
თავდამსხმელებმა დააზიანეს საარჩევნო ურნა, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნის დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები თავდამსხმელების დასაკავებლად.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მიმდინარეობისას რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარებთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებს, მათ შორის, ტერორიზმის მუხლით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, პირველ მარტს, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას და ხმების დათვლის დროს განხორციელდა თავდასხმები რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ასევე აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა, დარეგისტრირდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ასევე ნების გამოვლენისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი, კერძოდ, საარჩევნო ურნების დაზიანების გზით.
როგორც პეტრენკომ აღნიშნა, ერთ-ერთ შემთხვევაში „აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან“. თავდამსხმელების ნაწილი დაკავებულია, ეჭვმიტანილების ნაწილის ვინაობა კი დადგენილია, მიმდინარეობს მუშაობა მათ დასაკავებლად.