ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციები გამართეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციები გამართეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციები გამართეს. ჟენევაში მოლაპარაკების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს არის დაგეგმილი.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდნენ, რომელმაც თქვა, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნის ინიცირებამ და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერამ მოლაპარაკების პროცესზე უარყოფითად იმოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკება შეწყდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს ასევე უთხრა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოხსენება, რომ აფხაზეთს ფაროსანასთან საბრძოლველად წამლების შესაძენად 600 ათასი ლარი გამოეყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთს დახმარება არ მიუღია და ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატები აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით შევიდა, რასაც საქართველოს ბიუჯეტთან კავშირი არ აქვს. საოკუპაციო რეჟიმი პრეპარატების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას ითხოვს.

ჟენევის დისკუსიებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ჰაილუ მამომ იმედი გამოთქვა, რომ 48-ე რაუნდის დროს კონსულტაციები პროდუქტიული იქნება.