ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა

20:29, 01.05.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა. როგორც რუსული მედია წერს, ფრენა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ავიაკომპანია ЮВТ аэро-ს თვითმფრინავით განხორციელდა. ეს არის პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის შემდეგ, რეგულარული რეისები სოხუმს რუსეთის ქალაქებთან დააკავშირებს.

რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის პირველ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაერო-ს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი