უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

ოკუპანტების მიერ მიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბავშვის ამოყვანა შეძლეს, კიდევ შვიდ ადამიანს ეძებენ.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმის განცხადებით, რუსეთის ძალებმა „ეს-300“-დან სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს. კერძოდ, იერიშის სამიზნე გახდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, გვიან ღამით ოკუპანტებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქი. ნიკოპოლში დაშავებულია მამაკაცი, ის მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნიკოპოლში დაიბომბა 30-ზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. ორი ათასზე მეტი ოჯახი დენის გარეშეა დარჩენილი. ამას გარდა, რუსეთის ჭურვები მოხვდა საავადმყოფოს, საბავშვო ბაღს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ტაძარს, მაღაზიებს, ბაზარს, საფოსტო ოფისს.