ოკუპანტების მიერ გათავისუფლებული თამაზ ილურიძე - ყოველთვის იმ ადგილას ვაძოვებთ ხოლმე საქონელს, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებული თამაზ ილურიძე - ყოველთვის იმ ადგილას ვაძოვებთ ხოლმე საქონელს, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი

ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების ე.წ. იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვის შემდეგ ის საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

როგორც თამაზ ილურიძე იხსენებს, რუსმა სამხედროებმა იარაღის მუქარით ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ოკუპირებულ ცხინვალში.

„ყოველთვის იქ ვაძოვებთ ხოლმე საქონელს, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა გაქცევა შეძლო. მე იარაღის მუქარით გამათრიეს და ჩამსვეს მანქანაში. ცხინვალში გადამიყვანეს. არ ვუცემივარ, თუმცა მემუქრებოდნენ, საზღვარი აღარ გადმოკვეთოო. ჯარიმა არ გადამიხდია, გამომიწერეს თუმცა არ გადამიხდია“, – აცხადებს გათავისუფლებული თამაზ ილურიძე.

თამაზ ილურიძის გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე მოუყვება.

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმაგაქცევა მოახერხა.