ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს [ვიდეო]

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.

სახელმწიფო დროშა დაუშვეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, პარლამენტის შენობასთან, სხვადახვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების შენობებთან.

დროშები დაუშვეს ადმინისტრაციულ შენობებთან საქართველოს რეგიონებშიც.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.