ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაუშვეს. ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დროშის დაშვების ცერემონიას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში კი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში, ქვეყნისთვის უპირველესი ფასეულობის – თავისუფლების დასაცავად თავდადებული გმირობის მაგალითი გვიჩვენეს. ფოთში საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ფარგლებში, საჯარო სკოლებსა და დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება“, – განაცხადა ვიცე-მერმა, კოტე თოფურიამ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.