ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოში ორი მოწმე გამოიკითხა
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოში ორი მოწმე გამოიკითხა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში ორი მოწმე დაიკითხა. სხდომას ბასილაშვილი დისტანციურად დაესწრო.

დღევანდელ სხდომაზე სამართალდამცველი და სასწრაფოს ექიმი გამოკითხეს, რომლებსაც დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ შეხვდა.

საქმის პროკურორის განმარტებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

„დღეს წარმოდგენილმა მოწმეებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტურეს. საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო შეაფასებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ყოფილი მეუღლის მიმართ”, – განაცხადა პროკურორმა, ნათია გურულმა.

მომდევნო სხდომა 19 აპრილს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.