ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ქ.ახმეტაში, გ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.მ. 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2019 წლის 25 მარტს ქ.ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126′ მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.