ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის „ევროპული საქართველო“ ახალი ინიციატივებით გამოდის
ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის „ევროპული საქართველო“ ახალი ინიციატივებით გამოდის

ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის „ევროპული საქართველო“ ორი ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, ძალადობის ნიშნების არსებობის ან მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად, პირი უნდა დააკავონ.

კახიძის თქმით, მსგავსი პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დანერგილი.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის გულისხმობს, რომ ძალადობის ნიშნების არსებობის ან ძალადობის მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის ნაცვლად, პირის დაკავება და მოსამართლის წინაშე მისი წარდგენა მოხდეს. ეს სავალდებულო იყოს, როგორც ამერიკის ძალიან ბევრ შტატშია, ვინაიდან იქაც ანალოგიური პრობლემა იდგა, როდესაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოძალადეები უფრო მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, მათ შორის მსხვერპლის სიცოცხლის ხელყოფით მთავრდებოდა“, – აცხადებს კახიძე.

„ევროპული საქართველოს“ მეორე ინიციატივა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

„მეორე ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის არსებული სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. თუ დღეს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პასუხისმგებლობაა განსაზღვრული, ის გაიზარდოს და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვროს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას, აქ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლის გამოძიებასთან თანამშრომლობა, ამ პროცესში დაკითხვა ხდებოდეს მოსამართლის წინაშე და არა გამოკითხვის სახით.

„ევროპულ საქართველოს“ კომპლექსური პაკეტი გვაქვს შემუშავებული. მისი მონახაზი შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე გავაცანით. ხვალ მეორე შეხვედრა გვექნება და ამის შემდეგ ინიციატივა ოფიციალურად პარლამენტში დარეგისტრირდება“, – განმარტავს ოთარ კახიძე.