ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ადევნების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ადევნების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით, თბილისში, გ. კარტოზიას ქუჩაზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.