ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქუვეითში ოთხი ქართველი ტურისტი დააკავეს
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქუვეითში ოთხი ქართველი ტურისტი დააკავეს

ახლობლების ინფორმაციით, ქუვეითში ტურისტული მიზნით ჩასული ოთხი ქართველი მამაკაცი აეროპორტში დააკავეს. პირველ არხს მომხდართან დაკავშირებით ერთ-ერთი მათგანის და ესაუბრა. მისივე თხოვნით, რესპონდენტის ვინაობას არ ვასახელებთ.

​მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები სამშობლოში დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ. მესაზღვრეებმა შემოწმების მოტივით ისინი აეროპორტში დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია ძმამ მიაწოდა.

„ქუვეითში იყვნენ ჩასულები სამოგზაუროდ. ერთი კვირის წინ დუბაიში იყვნენ, ახლა ქუვეითში. დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ, რადგან საზღვარზე დააკავეს. მესაზღვრეებმა აუხსნეს, რომ დაკავების მიზეზი იყო შემოწმება. შემოწმების დროს კი არც იურისტი შეუყვანეს, არც თარჯიმანი და არც საქართვლოს წარმომადგენელი. რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულები ჰყავდათ. შემდეგ ჩემმა ძმამ შეძლო ჩემთან დაკავშირება და მომწერა, ჩარიე ვინც არის საჭირო, გააგებინე სახელმწიფოს, გვცემესო“, – აცხადებს დაკავებულის და.

მისივე განცხადებით, მან დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და რეაგირებას ელოდება.

„ვიმყოფები საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვერცერთი დეპარტამენტი ვერ მცემს პასუხს. მიკავშირდება ვინმე ალექსანდრე ჭელიძე, რომელიც დიპლომატია ქუვეითში და მეუბნება, რომ დაპატიმრებულებთან მისი წარმომადგენლები შევიდნენ და მათ ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობათ.  მათ არაფერი დაუშავებიათ, ფინანსურად კარგი მდგომარეობა აქვთ, დეპორტაციასაც არ უკეთებენ და ციხეში არიან“, – განაცხადა დაკავებულის დამ.

პირველი არხი კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დეტალებს არკვევენ.

„საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს, როგორც ქუვეითურ მხრესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.