ოჯახის ინფორმაციით, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმს კარანტინში ჰყავს, ხოლო შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ
ოჯახის ინფორმაციით, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმს კარანტინში ჰყავს, ხოლო შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები საკარანტინო ვადას ოკუპირებულ ცხინვალში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოიხდიან. დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალში უკვე გადაიყვანეს. ინფორმაცია დაკავებულების ოჯახისთვის დღეს გახდა ცნობილი.

ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ნათესავების ინფორმაციით, დაკავებულებს საკარანტინო რეჟიმის მოხდის შემდეგ, წინასწარი დაკავების ე.წ. იზოლატორში გადაიყვანენ.

„რამდენიმე წუთის წინ დაგვიკავშირდნენ ცხინვალიდან მალხაზის ნათესავები და გვითხრეს, რომ თათიასა და მალხაზს კარანტინის შემდეგ გადაიყვანენ დროებითი დაკავების იზოლატორში. მათ ედავებიან, საზღვარი გადმოკვეთეთო. სასამართლო გაიმართება. მალხაზის ნათესავები გვეუბნებიან, არ გვაქვს ჩვენ თანხა და ვერ გადავიხდითო. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და გაგვიჭირდება ამ თანხის გადახდა. ვთხოვ ხელისუფლებას, დაგვეხმაროს, რომ დავიხსნათ ჩემი და ქმართან ერთად ცხინვალიდან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დაკავებულის დამ, თამთა ადიკაშვილმა.

ცოლ-ქმარი, მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთში დააკავა. მათი დაკავება მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ ბაბუასთან, დათა ვანიშვილთან სტუმრობისას მოხდა.