ოჯახის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, მამა-შვილისთვის, რომელთა ფოტოც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი არ დაუნგრევიათ
ოჯახის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, მამა-შვილისთვის, რომელთა ფოტოც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი არ დაუნგრევიათ

მამა-შვილისთვის, რომელთა ფოტოც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი არ დაუნგრევიათ. ამის შესახებ მათი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ტერიტორიასთან, სადაც დღეს უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა. ის განმარტავს, რომ მამა-შვილი იქ სანახავად და ამბის გასაგებად გავიდა, სადაც მათ ფოტო გადაუღეს და ინტერნეტით გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი ესაუბრა პედაგოგს, ხათუნა ენუქიძეს, რომელმაც ასევე დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.

„ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვის ძმა არის ჩვენი მოსწავლე. ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. ხუთი დედმამიშვილია, უფროსი ძმა ჰყავს დაოჯახებული და ეს ჩვენი მოსწავლეც ძირითადად იმ ძმასთან ცხოვრობს. დამრიგებელიც კომუნიკაციას ახდენს ძმის ცოლთან, ანუ ბავშვის ბიცოლასთან. გაჭირვებული ოჯახია ნამდვილად. რაც დღეს დაინგრა, მე როგორც ვიცი, იქ არავინ ცხოვრობდა. ზოგი მშენებარე იყო. ეს ოჯახი ცხოვრობდა მიმდებარედ და მათი სახლი ნამდვილად არ დანგრეულა. ეს ოჯახი ნამდვილად ცხოვრობს სხვაგან. მე როგორც ვიცი, ბავშვების მამა მშენებლობაზე მუშაობს, დედა გარდაცვლილი ჰყავთ. თვითონ ჩვენი მოსწავლე გაკვეთილებში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული, დისტანციურ სწავლაშიც. საკმაოდ კარგი დასწრება აქვს, ხანდახან თუ ვერ ახერხებს „თიმსში“ შემოსვლას, მესენჯერში ტვირთავს დავალებას და ძალიან აქტიური, მოწესრიგებული ბავშვია“, – განაცხადა ხათუნა ენუქიძემ.