ოირმუღანლოში მეოთხეკლასელები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ ესწრებიან
ოირმუღანლოში მეოთხეკლასელები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ ესწრებიან

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები გაკვეთილებს აღარ ესწრებიან. მე-4 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად, ქართული სექტორის პედაგოგის თეა გურგენიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

გაკვეთილებს სულ 21 მოსწავლე არ ესწრება. ისინი ქართული ენის პედაგოგის თეა გურგენიძის სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ.

როგორც კახეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე აცხადებს, პედაგოგი მოსწავლეზე ძალადობაში ამხილეს. მისი ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რის საფუძველზეც პედაგოგის მიმართ დისციპლინურმა კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება დღეს განსახილველად სამეურვეო საბჭოს წარედგინება.

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პედაგოგი საწერ კალამს მოსწავლეს ხელის მტევანზე. თუმცა ამ ფაქტს თავად პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.