ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუ ირანთან ვაჭრობის გამო აშშ ჩინეთის „დასჯას“ შეეცდება, ამას შედეგები მოჰყვება
ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუ ირანთან ვაჭრობის გამო აშშ ჩინეთის „დასჯას“ შეეცდება, ამას შედეგები მოჰყვება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი მხარეებს მოუწოდებს, რაციონალურად და თავშეკავებულად იმოქმედონ და აღნიშნავს, რომ სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა პრობლემების მოგვარებას არ უწყობს ხელს.
მისივე თქმით, პეკინი ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია ჩინეთის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
„სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა პრობლემების მოგვარებაში არ გვეხმარება. ისინი მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს, რაც არავის ინტერესებს არ ემსახურება. ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, იმოქმედონ რაციონალურად და თავშეკავებულად და თავი აარიდონ ნებისმიერი ზომის მიღებას, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა ან დარტყმა მიაყენოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და ფინანსურ სტაბილურობას. ისინი უნდა დაუბრუნდნენ პოლიტიკური მოგვარების სწორ გზას დიალოგისა და მოლაპარაკებების საშუალებით რაც შეიძლება მალე. ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება შესაბამის მოვლენებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია ჩვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ლინ ძიანმა პრესკონფერეციაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დღეს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ „ფინანსურ შეტევაზე“ გადასვლას გეგმავს. მანამდე კი ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომისა და იზოლაციის“ უპრეცედენტო მასშტაბით დაწყების შესახებ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები, აეროპორტები ან სახელმწიფო სტრუქტურები თეირანს მხარდაჭერას გაუწევენ, რომ მათ აშშ-ის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური შედეგები დაემუქრებათ.