ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება
ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება

წერეთლის გამზირზე,„ემ ბი სის“ შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება, – ამის შესახებ განცხადება საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. ადგილზე იმყოფებიან პოლიციური ჯგუფები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, საპატრულო პოლიციის უფროსმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.

„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, ლაივ ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული, არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

„პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.