ოფიციალურად - საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა, ქვეყანაში სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება აიკრძალა
ოფიციალურად - საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა, ქვეყანაში სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება აიკრძალა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა გამოაცხადა ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიების გაუქმების შესახებ. აკრძალვა სექტემბრამდე იქნება ძალაში.

ამის შესახებ ფილიპმა ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დიდი სპორტული ღონისძიებები არ შეიძლება ჩატარდეს სექტემბრამდე. სპორტული სეზონი ვერ განახლდება”, – თქვა ფილიპმა.

გადაწყვეტილება ეხება საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატსაც. ლიგა 1-ში 27 ტურია ჩატარებული და ლიდერია „პარი სენ-ჟერმენი”. მეორე ადგილზე მყოფი „მარსელი” მას 12 ქულით ჩამორჩებოდა.

მაისში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს ამ სეზონის შედეგებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ევროთასების საგზურების შესახებ. გარდა ამისა, განიხილავენ დივიზიონებს შორის გავარდნისა და დაწინაურების საკითხს.

ამ მომენტისთვის, საფრანგეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 128 ათასი შემთხვევა. გარდაიცვალა 23 ათასი ადამიანი.