ოფიციალურად „საფეხბურთო ტაიმაუტში“ დადასტურდა - წიტაიშვილი მარტში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე უნდა ჩამოსულიყო #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილმა არ დამალა, რომ გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხბურთელში სიაში იყო. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„სანაკრებო სიის მონაზახი უკვე გვაქვს. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია – ასევე ნაკრების ახალწვეული გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც უნდა გამოგვეძახა. მან ფეხის თითის ტრავმა მიიღო. ეს ფეხბურთელები გამოგვაკლდებიან. ფეხბურთის ფედერაციას სანაკრებო სია რამდენიმე დღეში უნდა მივაწოდოთ. უბრალოდ, ბოლო ტურის მატჩებს ველოდებით,“ – განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.
შეგახსენებთ, წიტაიშვილს „ჯვაროსნებში“ თამაშის სურვილი რომ ჰქონდა, ამაზე მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციები ვრცელდებოდა, ოფიციალური პირები კი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებდნენ.
წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა რიგებში 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგიმ სამხრეთ კორეასთან გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გიორგის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ და საქართველოს სახელით თამაში შესთავაზეს, რაზეც თანხმობა განაცხადა, რადგან ეს მისი ბავშვობის სურვილი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გიორგი წიტაიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, ხოლო თავად ფეხბურთელმა საამისოდ საჭირო პროცედურები ონლაინ-რეჟიმში გაიარა (თამაშების გამო უკრაინიდან ვერ ჩამოდიოდა) და საქართველოს პასპორტს მალე მიიღებს.
სამწუხაროდ, პოლტავას „ვორსკლაში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გადასული ქართველი თავდამსხმელი უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში „მარიუპოლთან“ (1:0) შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა – 20 წლის ქართველ შემტევს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. გიორგი ორი თვის განმავლობაში დაისვენებს და მარტში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
გიორგის მამა, კობა (კლიმენტი) წიტაიშვილიც საქართველოს ნაკრების, ზუგდიდის „ოდიშის“, თბილისის „შევარდენის“ და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი იყო და თემურ ქეცბაიასთან ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა.