ძვლების მსხვრევის ხმა გავიგე - წიტაიშვილმა გაიხსენა, როგორ დაზიანდა #1TVSPORT
ძვლების მსხვრევის ხმა გავიგე - წიტაიშვილმა გაიხსენა, როგორ დაზიანდა #1TVSPORT

პოლტავას „ვორსკლაში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გადასული გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში „მარიუპოლთან“ (1:0) შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა – 20 წლის ქართველ შემტევს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ გამოცემა „ფუტბოლ ნიუსთან“ განაცხადა, რომ სინამდვილეში ტრავმა „მარიუპოლის“ მცველ ტანოვსკისთან შეტაკებამდე მიიღო.

„ტერფის ძვლის მსხვრევის ხმა გავიგე. ყველას ფიქრობს, რომ ეს ტანკოვსკისთან შეჯახების მომენტში მოხდა, რაც არასწორია. ეს უკვე მატჩის ბოლოს იყო, შეცვლამდე ორი წუთით ადრე, ტკივილი ვიგრძენი და ფეხის დადგმა აღარ შემეძლო. ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ინდივიდუალურია. როგორც მითხრეს, ძვლის დასაჭერად ხრახნი უნდა ჩამისვან. „ვორსკლაში“ ყველამ მხარში დამიდგა, თითქმის ყველამ დამირეკა და მომწერა. მეც მათ ვუპასუხე, რომ არ ვიცი, როდის გამოვჯანმრთელდები. იქნებ ამ სეზონში ერთმანეთი აღარც ვნახოთ. კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმაც დამირეკა და გამამხნევა,“- თქვა წიტაიშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით, წიტაიშვილი ორი თვის განმავლობაში დაისვენებს. მას მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა აქვს. თუმცა, საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდაპირველად დასმულ დიაგნოზი არ დადასტურდა და გიორგი სავარაუდოდ, ორი თვის ნაცვლად, მოედანს თვენახევარში დაუბრუნდება.

გავრცელებული ცნობით, კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ პოლტავურ კლუბთან 20 წლის თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტა და ფეხბურთელის სამკურნალოდ უკრაინის დედაქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა.